თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებთან წლის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
საქართველოს ნაკრები კარდიფში კვირას, 13 ნოემბერს გაემგზავრა. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და ქომაგები მის ნახვას დედაქალაქის ცენტრში, „დედაენის“ პარკში დიდ ეკრანზე შეძლებენ.
„უელსი ჩვენ წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშებზე დატვირთვა შედარებით ნაკლები გვქონდა“, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
მაისაშვილის თქმით, ნაკრები თამაშისთვის მზად არის და მოუთმენლად ელოდება მატჩის დაწყებას.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა თამაშისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა. სამოასთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებები მოხდა – აკა ტაბუცაძემ სამოასთან მატჩის დროს ტვინის შერყევა მიიღო, მის ნაცვლად მირიან მოდებაძე ითამაშებს.
მატჩზე იმსაჯებს იტალიელი რეფერი ანდრეა პიარდი.
ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი ტესტ-მატჩი ითამაშა – 6 ნოემბერს ურუგვაისთან, ხოლო 12 ნოემბერს – სამოასთან. ურუგვაისთან დაპირისპირება ბორჯღალოსნების სასარგებლოდ დასრულდა – 34:18, ხოლო მეორე შეხვედრა სამოამ მოიგო – 20:19.