როდის შეჩერდება საქართველოში ფასების ზრდა - ფინანსთა მინისტრის პროგნოზი

პროგნოზი ეფუძნება ამჟამად არსებულ ინფორმაციას, მაგრამ გარემო ძალიან ცვალებადია, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებლამდე 2023 წლის მეორე ნახევარში დაიკლებს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ეროვნულმა ბანკმა ადრე უკვე განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა ზრდის პიკი გადალახა და სტაბილიზაცია დაიწყო.
„მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება. როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ინფლაცია ზუსტად 3 პროცენტი იქნება. ესაა მიზნობრივი მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლიდან გადახრა შესაძლებელია“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფლაციის დონის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების სტაბილურობა, თუმცა გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით პროგნოზების გაკეთება რთულია.
„პროგნოზი გაკეთებულია ამ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გარემო საკმაოდ ცვალებადია. ყველა მიმართულებით ბევრი რისკი არსებობს. გარანტია იმისა, რომ ამ პროგნოზებს, მათ შორის, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნებათ - არ არსებობს“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი ყველაფერს აკეთებს რათა ინფლაციის დონე დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის ზაფხულში მიაღწევს. მაგრამ მზარდმა მოთხოვნა შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოახდინოს. ამის გამო მონეტარული პოლიტიკა მკაცრი რჩება - რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.