თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ალენ სიმონიანმა თბილისში შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
სიმონიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. სიმონიანს უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა მუდმივად პოზიტიურ დინამიკაში ვითარდება, რაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.