თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ოთხი ექიმი არაპროფესიონალიზმში ამხილეს და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 4 ექიმს შეუჩერდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ექიმს ლიცენზია შეუჩერა
© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairs
პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და პაციენტთან არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება.
2022 წელს საბჭოს წევრებმა 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.