თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. პოლონეთის განცხადებები „რუსული რაკეტების“ შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული შეიარაღებით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა, განაცხადა სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
პოლონური რადიოსადგური ZET არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მანამდე იუწყებოდა, რომ პოლონეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონში ორი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებები დასახლებული პუნქტ პრჟევოდუვის მახლობლად „რუსული" რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით. უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარე სამიზნეებზე რუსული შეიარაღების სისტემებით არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა“, - განაცხადეს სამინისტროში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ „პოლონური მედიის მიერ სოფელ პრჟევოდუვში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან ცხელ კვალზე გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს რუსეთის შეიარაღების სისტემებთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, პენტაგონს ჯერ არ გააჩნია რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა შეტყობინებებს პოლონეთში ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ.