თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საკულტო გერმანელი რეჟისორის ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ბერსერკები I: მისია“ საპრემიერო ჩვენებები თბილისის თეატრალური კომპანია „ჰარაკის" სცენაზე 19, 21 და 24 ნოემბერს გაიმართება.
თავის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ნაწარმოებში ჰაინერ მიულერი საფრანგეთის რევოლუციური მთავრობის მიერ 1799 წელს იამაიკაში გაგზავნილი სამი ემისრის შესახებ მოგვითხრობს.
„პიესის მთავარი ხაზი ბრიტანეთის იმპერიის მიერ დაპრყობილ იამაიკაზე მონათა აჯანყების წარუმატებელი მცდელობის გარშემო იგება. სამშობლოში შეცვლილი პოლიტიკური ვითარება პიესის გმირებს შორის კონფლიქტს წარმოშობს. დაკარგა თუ არა აზრი მისიამ, თუ მისი წყარო აღარ არსებობს?“ – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.
მიულერის პიესა მეგობრობისა და ღალატის, თავგანწირვისა და იმედგაცრუების შესახებ მსოფლიოს ოცამდე ენაზეა თარგმნილი და თანამედროვე პოსტდრამატული თეატრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება.
„ჰარაკის“ სცენაზე მიულერის პიესა დადგა რეჟისორმა და მთარგმნელმა გიორგი ჯამბურიამ. დადგმაში მონაწილეობენ: მათე ხიდეშელი, ნინი იაშვილი, სოფიკო გვიმრაძე, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, ანანო მახარაძე.