წმინდა გიორგი, ლაშქრობა ქაჯავეთში და შვიდი ულამაზესი ტყვე ქაჯი ქალი

გიორგი წყაროსთაულისთვის პირქუშს მშვილდი და ფიცხელზორიანი ისრები დაუმზადებია. დევები იმ დროს უკანაფშავში, შამაღის გორზე მდგარან. გიორგის შეუთვლია, წყაროსთავი დაცალეთ, ჩემთვის მომეწონაო...
Sputnik

ადრე წარმართულ პერიოდის საქართველოს მთის ხალხში უამრავი ღვთაება გვხვდება, რომელთაგან რამდენიმეზე უკვე ვისაუბრეთ.

არის ერთი ფაქტი, რომელიც უაღრესად საინტერესოდ მეჩვენება და მინდა დღეს სწორედ ამ მოვლენას შევეხო. საუბარია წარმართული ღვთაებებისა და ქრისტიანული რელიგიის წმინდანების კავშირზე. კერძოდ, მინდა წმინდა გიორგის კულტზე ვისაუბრო.

ჩვენში გავრცელებულია ვერსია, თითქოს სახელი „გიორგი“ საბერძნეთიდან იყოს შემოსული, თუმცა ქართველი მეცნიერები ფიქრობენ, რომ სახელის ფუძე ქართულია და სხვადასხვა სახით გვხვდება სვანურ და ხევსურულ ანდრეზებში. აღმოსავლეთ მთიანეთში რამდენიმე ღვთაებას ერქვა გიორგი: გიორგი ნაღვარმშვენიერი, წყაროსთაული გიორგი, ლომისის გიორგი, თეთრი გიორგი  და ა. შ.