თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი MTV Europe Music Awards-ის დაჯილდოებაზე ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბებით გამოჩნდა, რომელსაც დევიდ კომას (David Koma) სახელით იცნობენ.
მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებისთვის სვიფტმა ორი ნიმუში შეარჩია – ერთი წითელი ხალიჩისთვის, მეორე – სცენაზე გასასვლელად.
წითელ ხალიჩაზე ტეილორი ზურმუხტის თვლებით მორთულ გამჭვირვალე ბოდი–კაბაში წარდგა. სცენაზე კი ჯილდოს მისაღებად მომღერალი 70-იანი წლების სტილში შესრულებულ მინი პოლო–კაბაში გავიდა, რომელიც მბრწყინავი კილიტებით იყო მორთული.
ტეილორი დაჯილდოების დროს ბრწყინავდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მან ოთხი ჯილდო მიიღო: „საუკეთესო პოპ-შემსრულებელი“, „საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო ვიდეო“ და „საუკეთესო გრძელი ვიდეო“.
ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ საკუთარი მარკა – David Koma 2009 წელს შექმნა. დღეს ის თანამშრომლობს მსოფლიოში სახელმოხვეჭილ მასობრივ მარკეტ-გიგანტთან Topshop — David Koma for Topshop. დევიდ კომა 2014 წლიდან არის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი.
დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს. ბავშვობიდან ოცნებობდა მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე. გატაცებული იყო ხატვით და უნდოდა ლონდონში გამგზავრება, რათა დიზაინერის სპეციალობა შეესწავლა.
თუმცა თავდაპირველად კომამ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.
სადებიუტო კოლექცია კომამ უკვე 15 წლის ასაკში წარადგინა. მოგვიანებით კომას ბავშვობის ოცნება ახდა – იგი ლონდონში გაემგზავრა და იქ წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.
კომას სამოსს შეიძლება მრავალი უცხოელი ვარსკვლავის ნამდვილი ფავორიტი ეწოდოს.
მის მიერ შექმნილ კაბებს ირგებენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, როგორიც არიან მეგან ფოქსი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯესიკა ალბა, ადრიანა ლიმა, მიშელ ობამა და მრავალი სხვა.