თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები იქნება სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა და შეიარაღების შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაფორმება, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი მომავალ წელს 25 პროცენტით გაიზრდება.
„თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება შეიარაღებას, მისი თქმით, ბიუროკრატიული ნაწილი თითქმის დასრულებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და არც მთელ მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
საქართველოს პარლამენტი უკვე შეუდგა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას.