თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.