ლაშა ხუციშვილი: რატომ არის რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მნიშვნელოვანი მომწოდებელი

ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია იმ პროდუქციისთვის, რომელიც დეფიციტურია, ნავთობპროდუქტები კი ასეთი საქონელი არ არის, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. კერძო სექტორს საქართველოში შემოაქვს საწვავი იმ ქვეყნებიდან, სადაც მისი ფასი უფრო დაბალია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს იმპორტდამოკიდებულებას რუსეთზე ნავთობპროდუქტებისა და ხორბლის კუთხით და მთავრობის გეგმებს ამ პროდუქციის ბაზრების დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით.
ხუციშვილის თქმით, კომერციული ოპერატორები იმპორტს ახორციელებენ იმ ბაზრებიდან, სადაც ყველაზე იაფი ფასებია.
მინისტრის სიტყვებით, ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც დეფიციტურია.

„ნავთობპროდუქტი ასეთი საქონელი არ არის, რომელზეც შესაძლოა დეფიციტი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მწარმოებელი ჰყავს, ძალიან ბევრი იმპორტიორი და ექსპორტიორი არსებობს კონკრეტულად საწვავთან მიმართებით“, – აღნიშნა მან.

მინისტრმა განმარტა, რომ საწვავის ცალკეული სახეობების იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, სხვა დანარჩენის – ევროკავშირის ქვეყნებიდან.
„თუ ვსაუბრობთ სამართლებრივ ჩარჩოზე, სანამ დაშვებული და ლეგალურია კონკრეტული ქვეყნიდან კონკრეტული საქონლის იმპორტი, ამას კერძო სექტორი ახორციელებს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
რუსეთიდან იანვარი–სექტემბერში 430 მილიონი დოლარის ღირებულების 434,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც 4,5-ჯერ აღემატება 2021 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის ცხრა თვეში თითქმის 50%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა.