მსოფლიო დღეს

ირანის სასამართლომ „ღმერთის მტერს“ სიკვდილი მიუსაჯა

Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი − Sputnik. ირანის სასამართლომ პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თეირანის საპროტესტო აქციების მონაწილეს, რამაც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ იფეთქა ქვეყანაში, იუწყება ირანული გამოცემა Mizan Online.
მამაკაცი, სახელად სამან სეიდი სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.
გარდა ამისა, მსჯავრდებული „ღმერთის მტრად“ გამოაცხადეს, რაც ირანის კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად მიიჩნევა და თანმდევი ბრალდებების გარეშეც კი სიკვდილით ისჯება.
გამოცემის ინფორმაციით, სულ სასამართლომ ხუთი ადამიანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელთაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შეიძლება გასაჩივრდეს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სიკვდილით დასჯას გეგმავდა, ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა. როგორც სააგენტო IOL-მა დაწერა, შესაბამისი გადაწყვეტილება ირანის პარლამენტმა მიიღო. 14 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილით დასჯას 290-დან 227-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის რეზოლუციის მიზანი − „ოპოზიციური მანიფესტაციების მონაწილეებისთვის სასტიკი გაკვეთილის მიცემაა“.