რენატ აბდულინი
სამშაბათს ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტი იხსნება. ფორუმის ირგვლივ სკანდალი მონაწილეთა შემადგენლობისა და გაუგებარი დღის წესრიგის გამო მის დაწყებამდე აგორდა.
დიპლომატია ინდონეზიურად
„ოცეულის ჯგუფი“ აერთიანებს შედარებით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამიტომ სამიტებზეც, ძირითადად, ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები იხილება.
თუმცა ინდონეზიამ, რომელიც დეკემბრამდე ჯგუფის თავმჯდომარეა, გადაწყვიტა თავისი მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ მარტში გამოდიოდა G20-დან რუსეთის გარიცხვის წინადადებით, მაგრამ ინდონეზიამ ვლადიმერ პუტინი მიიწვია. ღონისძიებაზე ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიეს, მაგრამ უკრაინა „ოცეულის“ წევრი არ არის. მან ულტიმატუმი წამოაყენა: სამიტზე, რომელსაც პუტინი ესწრებოდა, არ მივიდოდა. ამის მიუხედავად, ჯაკარტაში კრემლიდან მოსაწვევი არ გამოუთხოვიათ.
Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ თავისი პოზიცია ასე დაასაბუთა: მის ქვეყანას არ გააჩნია რუსეთის „იზოლირების“ უფლებამოსილება ჯგუფის ყველა წევრს შორის კონსენსუსის გარეშე.
შედეგად რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა უარი თქვეს პირისპირ შეხვედრაზე, ზელენსკი, სავარაუდოდ, სამიტის მონაწილეებს ვიდეოხაზით მიმართავს. ამის მიუხედავად, ინდონეზიის დიპლომატიური ძალისხმევა შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. რუსეთის დელეგაციას ბალიზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დასავლეთის გეგმები „ოცეულის“ მუშაობიდან მოსკოვის გამოყვანისა არ სრულდება.
ბაიდენის შფოთვა
ბაიდენმა, რომელმაც რუსეთის იზოლაცია ვერ მოახერხა, სამიტის მოლოდინში რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალი გაავრცელა.
თავდაპირველად პრესაში თეთრ სახლზე დაყრდნობით დაიწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, პუტინთან ბალიზე უკრაინის პრობლემა განიხილოს. მოგვიანებით აშშ-ის ლიდერმა და მისმა პრესმდივანმა ოფიციალურად განაცხადეს: პირისპირ შეხვედრის აზრს ისინი ვერ ხედავენ.
ამავდროულად ბაიდენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს მოლაპარაკებებს ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებაზე. ამერიკელი კალათბურთელი რუსეთში ნარკოტიკების გადატანისთვის გაასამართლეს და თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აშშ-ში პრესამ არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრი სახლი კრემლს თითქოსდა სთავაზობდა გრაინერისა და მოსკოვში ოთხი წლის წინ დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის გაცვლას ამერიკაში საპატიმროში მყოფ რუს ვიქტორ ბუტზე.
ბაიდენისთვის ეს პრობლემა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. „აშშ-ში პრინციპულია უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საკითხი, ეს პოლიტიკურად მომგებიანი ასპექტია, - აღნიშნა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს დირექტორმა ანდრეი კორტუნოვმა. - ვუშვებ, რომ ბაიდენი აპირებდა გრაინერის გაცვლის საკითხის განხილვას ჯერ კიდევ კონგრესის არჩევნებამდე. მაგრამ ახლა წარმატებული გამოსავალი მას ქულებს შემატებდა. თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება გაცვლის კონკრეტულ პირობებსა და სახელმწიფოთა ლიდერების პოლიტიკურ ნებაზე“.
სამიტამდე ერთი კვირით ადრე ბაიდენმა მიანიშნა, რომ რუსეთის მხრიდან „არსებობს უფრო კონკრეტული მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა.“ ამის მიუხედავად, როდესაც მას ჰკითხეს „წინსვლის ალტერნატიულ შესაძლო გზებზე“ და ბალიზე მათი განხილვის შესაძლებლობაზე, პრეზიდენტმა ყველას წინასწარი პროგნოზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
აშშ ჩინეთისკენ ბრუნდება
თუ თეთრი სახლი ვერ ჩამოყალიბდა აშშ-რუსეთის დღის წესრიგზე G20-ის შეხვედრაზე, აზიის მიმართულებით უფრო მკაფიო ორიენტირი გამოიკვეთა. ბაიდენის თქმით, მას გადაწყვეტილი აქვს ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინთან შეხვედრა და ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობის საკითხის განხილვა. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა: მისი გზავნილია, რომ ვაშინგტონი ეძებს არა კონფლიქტს, არამედ პეკინთან კონკურენციას“.
ტაივანის პრობლემაზე საუბრისას ბაიდენმა თავი აარიდა მკვეთრ ფორმულირებებს და მხოლოდ ის თქვა, რომ „ამას განიხილავს“ ჩინეთის ლიდერთან.
იმაზე, რომ აშშ-მა სერიოზულად გადაწყვიტა ჩინეთთან დაპირისპირების შეჩერება, მეორე მხრიდან წამოსული ირიბი სიგნალებიც მეტყველებს. მაგალითად, ავტორიტეტულმა გამოცემამ South China Morning Post-მა ბალიზე დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინში დაბეჭდა მასალა, რომელიც მიუძღვნა ამერიკულ-ჩინური ფორმატის - G2-ის შექმნის შესაძლებლობას. ავტორთა აზრით, დღევანდელი პოლარიზაცია მსოფლიოში ვაშინგტონსა და პეკინს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას კარნახობს.
ბაიდენმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაფერს დათმობს სისთან შეხვედრისას. ამავე დროს, იმედი გამოთქვა, რომ ორივე ლიდერი სამიტს ისე დატოვებს, რომ ადრინდელზე უკეთ ექნება გააზრებული ერთი-მეორის პოზიციები.
„რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბალიზე დაგეგმილი ღონისძიება გადამწყვეტი არ იქნება. როგორც ანდრეი კორტუნოვი აღნიშნავს, ის „ოცეულის ჯგუფის“ პირველ შეხვედრებს ჰგავს, თუმცა უფრო ღრმა წინააღმდეგობებით. „სამიტი კრიზისულ ატმოსფეროში ტარდება. G20 საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რეაქცია 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე, როდესაც ფორუმმა სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე დაიწყო მუშაობა. მაშინ საერთო იდეა იყო გლობალური ეკონომიკისა და ფინანსების მართვის პრინციპების გარდაქმნა. მთლიანობაში, გარდაქმნა ვერ შედგა - მოთამაშეთა განსხვავებული ინტერესების გამო. არც ახლაა უკეთესი ვითარება, პრობლემებმაც მოიმატა, ერთიანობის დონე კი უფრო დაბალია, ვიდრე 14 წლის წინათ“, - აღნიშნა ექსპერტმა.
კონსენსუსს რამდენიმე გარემოება ეღობება. ჯერ ერთი, გასულ წლებში მკვეთრად გაიზარდა ჩინეთის როლი. მეორეც, ეკონომიკური სანქციები საგარეო პოლიტიკის გავრცელებულ ელემენტად იქცა და ჩვეულებრივი მოლაპარაკებები ნელ-ნელა გააძევა მოედნიდან. მესამე, ბევრ მოთამაშეს უწევს, ხელახლა შეეჩვიოს ერთი-მეორეს. მაგალითად, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისთვის, იტალიის მთავრობის მეთაურ ჯორჯია მელონისა და ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკისთვის სამიტი პირველი მსგავსი გამოცდილება იქნება.
წინასწარი მომზადების გარეშე არახელსაყრელ გეოპოლიტიკურ ფონზე გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია, დარწმუნებულია კორტუნოვი. ეს არ ნიშნავს, რომ „ოცეულს“ განსახილველი არაფერი აქვს, მაგრამ შეთანხმება დღეს რეალურია მხოლოდ ორმხრივ დონეზე და არა მთელი ჯგუფის მასშტაბით. პოლიტოლოგის აზრით, საუბარი რომ ყოფილიყო ფუნდამენტურ საერთო შეთანხმებებზე, რუსეთის ლიდერი, შესაძლოა, პირადადაც კი დასწრებოდა სამიტს.
ექსპერტი ალექსანდრ ორლოვი ვარაუდობს, რომ დღევანდელ პირობებში პუტინის არყოფნა ბალიზე პრინციპული მნიშვნელობის არ არის. „ეს მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი შეხვედრაა საერთაშორისო შეხვედრების სერიაში, რომლებიც ადრე იმართებოდა და მომავალშიც გაიმართება. შეხვედრა უკავშირდება იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის პერიოდში შედის, რამდენად ღრმა იქნება - ამის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. და ერთი სამიტი პრობლემას ვერ გადაჭრის“, - ამბობს ექსპერტი.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის ბოლოს, 16 ნოემბერს, „ოცეულის ჯგუფი“ მაინც გამოსცემს კომუნიკეს. მაგრამ გაცილებით მეტი მოლოდინი აქვთ უცხოელ ანალიტიკოსებს 1 დეკემბრიდან თავმჯდომარეობის ინდოეთის ხელში გადასვლასთან დაკავშირებით. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ ეილენმა უკვე გამოთქვა რწმენა, რომ ეს მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. რუსეთისთვის კი ასეთ სცენარი მომგებიანია თუნდაც იმიტომ, რომ ინდოეთი მისი ტრადიციული პარტნიორია, მათ შორის, BRICs-ის ფარგლებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე