თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ქართულ–პოლონური კომპანია „დელტა–ვებე“ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას უახლოეს მომავალში დაამზადებს, მასობრივი წარმოება კი 2023 წელს დაიწყება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ქართულ–პოლონური კომპანია „დელტა–ვებე“ ქართულ საწარმო „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია WB Electronics-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
„უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას. რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, – განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მინისტრის თქმით, კომპანია „დელტა–ვებე“ დააარსეს სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებული. მან აღნიშნა, რომ ქართულ–პოლონური საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.