თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისი არის ქალაქი, რომელიც აკავშირებს კულტურას, ხალხს და ისტორიას, ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია გამოცემა Bloomberg-მა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიან მედია-პლატფორმაზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. სტატიაში თბილისთან ერთად ბათუმიც მოხვდა.
„თბილისი – ეს არის დედაქალაქი, რომელიც კულტურას, ხალხს და ისტორიას აკავშირებს. 21-ე საუკუნეში თბილისის ტრანსფორმაცია მოხდა. ახალი და თამამი არქიტექტურა, დინამიკური ელექტრონული მუსიკა და მოდის სცენები, ამ ყველაფრით საქართველომ თანამედროვე კრეატიული მიმართულებით მყარი პოზიცია დაიმკვიდრა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მკითხველი თბილისური ცხოვრების შესახებ ქართველი არტისტების, დიზაინერებისა და ფოტოგრაფების შეხედულებებს გაეცნობა.
მასალაში ასევე საუბარია საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე. Bloomberg განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პანდემიის შემდეგ გაზრდილ ტურისტთა რაოდენობაზე.
გამოცემის ცნობით, 2013-2018 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა წლიურმა რაოდენობამ კი პანდემიამდე 9,3 მილიონს მიაღწია.
„საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონია. ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, გრძელდება. 2022 წლის 9 თვეში საქართველომ 4 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 199%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორიტეტული გამოცემა სტატიაში საუბრობს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მოდის მიმართულებაზე და მაგალითად სოხუმში დაბადებული დემნა გვასალია მოჰყავს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გვასალიამ კოლექციების გამოშვება 2014 წელს დაიწყო და პოდიუმისა და ქუჩის სამყაროები ერთმანეთთან დააკავშირა.
„ეს მოდის ინდუსტრიას აშკარად მოეწონა და ის 2015 წელს LVMH-ის ახალგაზრდა მოდის დიზაინერად დაასახელეს. ამის შემდეგ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
Bloomberg მკითხველს თბილისთან ერთად ბათუმში მოგზაურობასაც ურჩევს და ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის შესახებ მოკლე ექსკურსს სთავაზობს.
„ზაფხულში ბათუმი საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება, ეს არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა ცოცხალი ხელოვნებით, მუსიკითა და აზიური გავლენით შეზავებული სამზარეულოთი. ბათუმი სრული სიმძლავრით წინ მიიწევს. მიმდინარე წლის ოქტომბერში ბათუმი World Travel Awards-მა ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც მასალაშია აღნიშნული, ბათუმში ტურისტები დატკბებიან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქაული კულტურული ღირსშესანიშნაობებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს და სამ სტატიას ამზადებს.