თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ნათაძემ განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.
„ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
ნოდარ ნათაძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო. ის იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „სახალხო ფრონტის“ დამაარსებელი და 1990-იანი წლების ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი.