Sputnik-საქართველო გიამბოთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი
მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა სულთანის ლაშქარი თბილისს მოადგა, ბრძოლის პირველ დღეს ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.
ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
„ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.“- წერს ჟამთააღმწერელი.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.
საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება. ტრადიციულად, ყოველი წლის 13 ნოემბერს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეტეხის ხიდის მიმართულებით ხალხმრავალი მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მონაწილეობს. 100 ათასი ქართველი მოწამის პატივსაცემად მორწმუნეები მტკვარში ყვავილებს ყრიან.
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე
წმიდა სტაქოსი ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).
წმიდა მოწამე ეპიმაქო
წმიდა მოწამე ეპიმაქო პელუსიის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს
ღირსი მავრა
ღირსი მავრა კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. აქ მან დააარსა სავანე, სადაც მიიცვალა კიდეც მშვიდობით V საუკუნეში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით