თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა სამბისტმა ელენე ქებაძემ კარიერაში მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ამჯერად ბიშკეკში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტრო.
სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ბიშკეკში (ყირგიზეთი) 11-13 ნოემბერს იმართება. ტურნირში მონაწილეობას იღებენ პლანეტის უძლიერესი სამბისტები - 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.
+80 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჯელა გასპარიანი (რუსეთი) დაამარცხა.
საქართველოს სამბოს ნაკრების წევრი, 28 წლის ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2018 წელს გახდა.
ბიშკეკში მედლები თამაშდება პროგრამის 21 სახეობაში - ჯილდოების შვიდ-შვიდი კომპლექტი მამაკაცების, ქალების და საბრძოლო სამბოში (combat), რომელიც ტრადიციულად მხოლოდ მამაკაცებს შორის ტარდება.