პრემიერი მოსახლეობას 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ულოცავს

ტრადიციულად მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე სავედრებელი პარაკლისი შესრულდება. პარაკლისის დასრულების შემდეგ კი, მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ულოცავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს, 13 ნოემბერს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მოვლენა, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარი თავდადება აღნიშნება.
„ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენი ხალხის სულიერ ღირებულებებს, განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, და ასე იქნება მუდამ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ტრადიციულად მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე სავედრებელი პარაკლისი შესრულდება. პარაკლისის დასრულების შემდეგ კი, მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.