თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია ექვსი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 39 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი.
ამავე ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა საპატრულო პოლიციამაც. მას პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს.
პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „აკს“-ის და „აკმ"-ის მოდელების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 30 ვაზნა.
გორში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 63 წლის მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად „აკს 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.
გურიაშიც ამავე ბრალდებით 32 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად რევოლვერი ამოიღო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს 60 წლის მამაკაცი, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 3 ვაზნა იპოვეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო - შსს