თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. სს „საქართველოს რკინიგზის“ მოგებამ სამ კვარტალში 278 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 25-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა დავით ფერაძემ.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე.
„ბოლო სამ კვარტალში „საქართველოს რკინიგზამ“ 22%-ით გაზარდა თავისი შემოსავლები და ეს არის, დაახლოებით, 507 მილიონი ლარი... ასევე უნდა ითქვას, რომ წელს თითოეული კვარტალი დავხურეთ მოგებით, წლის პირველ სამ კვარტალში კომპანიის მოგება 278 მილიონი ლარი იყო. ეს არის 25-ჯერ გაზრდილი წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა ფერაზემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, შემოსავლების ზრდა უკავშირდება სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთგადაზიდვებს.
„არაერთი ტვირთი მობრუნდა ჩვენ დერეფანში და ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდა დაფიქსირდა სატვირთო დერეფანში“, - აღნიშნა ფერაძემ.
მისი თქმით, კომპანიამ უკვე გადაზიდა დაახლოებით 11 მლნ ტონა ტვირთი, წლის ბოლომდე კი ტვირთგადაზიდვების მოცულობა 14-15 მლნ ტონას მიაღწევს.
სატრანსპორტო დერეფანში ახალ ტვირთებს შორის ფერაძემ დაასახელა შაქრის ნედლეული, რომელიც ევროპიდან აზიის მიმართულებით გადაადგილდება, ასევე არის გაზრდილი ქიმიკატების ტრანზიტი. მისი თქმით, 2022 წლის სამ კვარტალში 232%-იანი ზრდაა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გზავნილებზე.
საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.