თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოში 2022 წელს მშპ-ის ზრდას 10%-ის დონეზე ვარაუდობს, რაც 1 საპროცენტო პუნქტით აღემატება წინა პროგნოზს.
სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობდა, რომ საქართველოს ეკონომიკა 9%-მდე გაიზრდებოდა, ხოლო ინფლაციის დონე 11,7%-ზე იქნებოდა.
„2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინფლაცია 10,5% იქნება“, - ნათქვამია IMF-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამავდროულად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის მაღალ ზრდას უკავშირებს ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებს, იმიგრაციის ზრდასა და მის მიერ გამოწვეული სახსრების შემოდინებას. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკაზე გავლენა სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ იქონია.
ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინფლაცია რჩება კვლავ მაღალი - ნედლეულზე მაღალი ფასებისა და შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო.
არსებული პროგნოზით, 2023 წელს ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის ტემპი შენელდება სახსრების გარე შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების და საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ვაშინგტონში
© AP Photo / Andrew Harnik
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ინფლაცია მიაღწევს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2024 წელს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურასა და სტრუქტურულ რეფორმებში განხორციელებული ინვესტიციების მხარდაჭერის პირობებში ეკონომიკა თავის პოტენციურ დონეს - დაახლოებით 5%-ს - მიუახლოვდება.
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ეროვნულმა ბანკმა ადრე უკვე განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა ზრდის პიკი გადალახა და სტაბილიზაცია დაიწყო.
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ სხვა თანაბარ პირობებში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება წლის ბოლომდე, თუმცა ეტაპობრივად კლებას გააგრძელებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება. თუმცა, მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, საქართველოს ეროვნული ბანკი წლიურ ზრდას 10%-ის დონეზე პროგნოზირებს, რაც ზედმეტად გადაჭარბებულად მიაჩნია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, ეკონომიკის მაღალ ზრდას მიგრანტების რაოდენობის ზრდით და ქვეყნის ეკონომიკაში მათი სახსრების შემოდინებით ხსნის.