მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.
გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
„გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ევროპის მოედნიდან, ღვინის აღმართისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით. ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის გავლით, ღვინის აღმართის, ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ამასთან, გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც დროებით შეიცვლება.
ქართველი ერი თითქმის 800 წლის განმავლობაში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.