თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა რეიკიავიკში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე მატჩში ისლანდიის ნაკრები ანგარიშით 88:85 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის კალათბურთელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა, მეტ-ნაკლებად კარგად შეაჩერეს ისლანდიელთა სწრაფი შეტევები და პირველი ტაიმი 45:38 მოიგეს.
მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა 11:3 გაქცევა მოაწყვეს და დაწინაურდნენ კიდეც. უმეტესად პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით ისლანდიელებმა 7-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს. თუმცა მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე ისლანდიის სასარგებლოდ 63:60 ეწერა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა. მეოთხე პერიოდში ქართველებმა დაცვა გამოასწორეს და ბოლოსწინა წუთზე 7 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა 6:0 გაქცევის შემდეგ საფინალო სირენამდე 47 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 83:82 საქართველოს სასარგებლოდ.
ბოლო წამებზე გუნდები ჯარიმების ტყორცნებში გაეჯიბრნენ, სადაც შედარებით მაღალი სიზუსტე ქართველებმა გამოავლინეს და 88:85 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი პერიმეტრიდან ტყორცნებით. ილიას ზუროსის აღსაზრდელებმა 29-დან 11 სამიანი შეასრულეს.
სიმბოლურია, რომ შეხვედრის ბოლო, გადამწყვეტი მოხსნა და ქულა საუკეთესო მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ მიითვალა. მის ანგარიშზე 27 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა. გიორგი შერმადინმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 10 ქულა, 11 მოხსნა. დუდა სანაძემ 13 ქულა დააგროვა, ხოლო თად მაკფადენმა 12 ქულა ჩააგდო.
მატჩის შემდეგ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მეტოქეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისლანდიელები ღირსეულად იბრძოდნენ და ბოლო წუთებამდე მძიმე მატჩი იყო.
„ვამაყობ ჩემი გუნდით, სამწვრთნელო შტაბით, რომლებმაც მოახერხეს და მესამე პერიოდში ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მათი მხარში დგომა ძალიან დაგვეხმარა გამარჯვებაში“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა.
საქართველოს ნაკრებს, ისლანდიის მსგავსად, შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამ ტურში 4 მოგება აქვს და ძალიან ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან. ამისთვის ჩვენმა გუნდმა ადგილი ჯგუფის სამეულში უნდა შეინარჩუნოს.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს თბილისში იტალიის წინააღმდეგ გამართავენ, ტურის ბოლო ორი მატჩი კი თებერვალშია დაგეგმილი - შინ ისლანდიასთან და გასვლით ნიდერლანდებში.