თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ეროვნულ დღესასწაულს „ფიროსმანობას“ აღნიშნავენ, არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სამშობლოში, მის სახლ-მუზეუმში კახეთის სოფელ მირზაანში, არამედ მთელ საქართველოშიც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას. ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება ქართული სულის, ჩვენი ხალხის თვითმყოფადობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული საგანძურის ფასდაუდებელი მონაპოვარია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია