თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი ოქტომბერში განიხილეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 3 ნოემბერს კი კენჭისყრა გაიმართა და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.
რა წერია კანონპროექტში?
პროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს:
მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში;
მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
პარლამენტი პირს ოლიგარქად აღიარებს საქართველოს მთავრობის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის წევრის, პარლამენტის კომიტეტის ან ფრაქციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ოფიციალურ დონეზე აღიარებულ ოლიგარქს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად აღიარებულ პირს, რომლის შესახებ მონაცემები შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები შეეზღუდება.
კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს შეეზღუდება:
პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულობების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულობების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
ივანიშვილის ფაქტორი
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.