თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსული ჯარების გაყვანა ხერსონიდან უკრაინელების სიმამაცეზე, ნატოს დახმარების მნიშვნელობაზე და იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი ძლიერი ზეწოლის ქვეშაა, განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ჩვენ ცნობად მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. ახლა უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება უახლოეს დღეებში სიტუაცია ხმელეთზე. თუმცა უკვე სრულიად ნათელია, რომ რუსეთი ძლიერი ზეწოლის ქვეშაა. და თუ ისინი ხერსონიდან წავლენ, ეს უკრაინის დიდი გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენმდივანმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონის ოლქში რუსული ჯარების დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
ალიანსის გენმდივნის განმარტებით, რუსეთმა, რომელმაც უკრაინაში თავისი სახმელეთო ჯარების 80% გაგზავნა, ბევრი დაკარგა როგორც პირადი შემადგენლობის, ისე სამხედრო ტექნიკის კუთხით. თუმცა სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ რუსეთს კვლავინდებურად დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს, რაზეც უკრაინის ქალაქებზე, ინფრასტრუქტურაზე და ელექტროადგურებზე სარაკეტო თავდასხმები და დრონების შეტევები მეტყველებს, ამიტომ კრემლის ბოლომდე შეუფასებლობა არ ღირს.