თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეწამყვან ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქართული ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა. მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას“, – აღნიშნულია მთავრობის მეთაურის სამძიმრის წერილში.
ლია მიქაძე 1936 წლის 3 მაისს თბილისში დაიბადა. 1954 წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში.
მიქაძე ტელევიზიაში 1956 წლის 30 დეკემბრიდან, მისი დაარსების პირველივე დღიდან მუშაობდა.
2013 წლის დეკემბერში ქართული ტელევიზიის დაარსებიდან 57 წლის აღსანიშნავად საქართველოს „პირველმა არხმა“ მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მახლობლად ტელევიზიის პირველ წამყვანებს – ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძესა და ალექსანდრე მაჭავარიანს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური