საქართველო დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

პირდაპირი ფრენების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ მოლაპარაკება გამართა ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ის წარმომადგენლებთან ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მაია ქვრივიშვილმა.
EasyJet Airline Company Limited, უფრო ცნობილი როგორც easyJet.com — ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ბაზირებულია „ლუტონის“ აეროპორტში, რომელიც ამავე დასახელების ქალაქის გარეუბანში, ლონდონის ცენტრიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში მდებარეობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ბრიტანეთი და პირდაპირი რეისების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას", – განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეხვედრა ბრიტანული ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ლონდონში, გამოფენა World Travel Market-ის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს წარმომადგენლებმა გამოფენის სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის, პროდუქტების, ავიარეისების შესახებ და ტურიზმის აღდგენის დინამიკა.