საეკლესიო კალენდარი: 10 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 10 ნოემბერს მღვდელმოწამე ნეოფიტეს, დიდმოწამე პარასკევას, მოწამეების: ტერენტის, ნეონილას და სარვილეს, ასევე სტეფანე საბაწმიდელის, წმიდა არსენის, მოწამეთა: აფრიკანეს, ტერენტის, მაქსიმეს, პომპის და 36 სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი
წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში არაბი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეებში იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბებლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს.
შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს თუ იქ რა ხდებოდა ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ ღვთის მორჩილნი.
მათი ამბის გაგონებამ უსჯულო მხედრობა დიდად გააკვირვა. სარდლებმა გადაწყვიტეს, ყოველივე აჰმადისათვის ეცნობებინათ. საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა, რომ მისთვის ელოცათ.
მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და მოკრძალებულმა ყოფამ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. მან დაუტევა უღმრთოება, მამული, სიმდიდრე, შიომღვიმის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) დაარქვეს, მის მეგობრებს კი - ქრიტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი).
საეკლესიო კალენდარი: 9 ნოემბერი
ღვთის განგებით, წმინდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება.
მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა. მაზდეანებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი. უსჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. მათ წმინდანი ქვებით ჩაქოლეს.
წმიდა მოწამე პარასკევა
წმიდა მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს - პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა. პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამის შემდეგ წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა, შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა.
წმიდა მოწამენი: ტერენტი და ნეონილა და შვილნი მათნი: სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია
წმიდა მოწამენი: ტერენტი და ლეონილა და შვილნი მათნი - სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია, დეკიუსის (249-250) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად.
საეკლესიო კალენდარი: 8 ნოემბერი
ღირსი სტეფანე საბაწმინდელი, კანონმთქმელი
ღირსი სტეფანე საბაწმინდელი, კანონმთქმელი პალესტინაში, საბა განწმენდილის ლავრაში მოსაგრეობდა IX საუკუნეში (იხ. 13 ივლისის საკითხავებში).
წმიდა არსენი სერბეთის მიტროპოლიტი
წმიდა არსენი, სერბელი მიტროპოლიტი ჟიჩის მონასტერში მოღვაწეობდა. 1233 წელს იგი სერბეთის მღვდელმთავრად დაადგინეს. ნეტარი ოცდაცამეტი წელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, შემდეგ კი, 1266 წელს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოს და სხვანი ოცდათექვსმეტნი
წმიდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოსი და სხვანი ოცდათექვსმეტნი III საუკუნეში, იმპერატორ დეკიუსის (241-251) დროს ეწამნენ ქრისტესთვის (მათ შესახებ ცნობები იხილეთ 10 აპრილის საკითხავში).
მღვდელმოწამე კვირიაკე იერუსალიმელი პატრიარქი
წმიდა მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.
როდესაც დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩავიდა უფლის ჯვრისა და სხვა სიწმიდეების მოსაძებნად, მან იუდეველი უხუცესები თავისთან დაიბარა. ებრაელებმა იუდაზე მიუთითეს. დედოფალმა ელენემ ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი უთხრა ეთქვა სად იყო დამალული ჯვარი. თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ ჩვენ რა უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმიდე. იგი ჯერ ნაგავსაყარად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობებით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: „თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ“ როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმიდე იყო დაფარული, შეიძრა და საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. მაშინ იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, მან საკუთარი ხელით გათხარა მიწა და ცხოველმყოფელი ჯვრის და მის მიერ მკვდრის აღდგინების მხილველი შეიქნა. ნათლისღების შემდეგ იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომ წმიდა ცხოვრებისათვის იგი იერუსალიმის პატრიარქად იქნა დადგენილი. 363 წელს, ქრისტიანთა მძვინვარე მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი: როცა ნეტარმა კერპების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა, უღმერთოებმა ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ კი მახვილით აჩეხეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით