თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსული ჯარები ნიკოლაევო–კრივოი როგის მიმართულებიდან გადაჯგუფდებიან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„რუსული ჯარების დაჯგუფების ნაწილები მანევრირებას ახორციელებენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე — დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შესაბამისი ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გუშინ, 9 ნოემბერს გასცა რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალ სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ. სუროვიკინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კახოვკის კაშხალს უტევენ, რასაც შესაძლოა შედეგად დიდი ტერიტორიის დატბორვა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვეს.
გარდა ამისა, სარდლის თქმით, კაშხლის გარღვევა რუსული ჯარების დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაკეტვას გამოიწვევს, თუ მათ იქიდან დროულად არ გაიყვანენ. ჯარების გადაჯგუფების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება მომარაგების სირთულე, ვინაიდან უკრაინული არტილერია სატრანსპორტო დერეფნებს ცხრილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხერსონის რეგიონიდან, ჯარების გარდა, 115 ათასი მშვიდობიანი მოსახლეც გაიყვანა.