თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 29 ოჯახს დაუკანონდა

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცემათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.

„აღნიშული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მიხარია, რომ დღეს კიდევ 29 ოჯახი გავაბედნიერეთ. ვულოცავ მათ. ეს პროგრამა კი გრძელდება. ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

უწყების ინფორმაციით, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ოჯახებმა, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, უნდა მიმართონ თბილისის იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ.
გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2,5 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.