თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
„სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი. ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, ველოდებით. ეს არის ეჭვი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვგულისხმობ დემენციას და ტუბერკულოზს. ასევე კიდევ 34 დაავადებაზეა საუბარი“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
როგორც გუშინ ხაჭაპურიძემ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შეიძლება იყოს საუბარი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევაა დანიშნული. მათთან დაკავშირებით დასკვნა ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.