პიოტრ აკოპოვი
რატომ არის რუსეთში ასეთი დიდი ინტერესი აშშ-ის დღევანდელი არჩევნების მიმართ? იმიტომ, რომ მათი შედეგები უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე აისახება, ანუ რუსეთის არაპირდაპირ ომზე შტატებთან? ზოგიერთს აქვს ამის იმედი, მაგრამ ისინი გულუბრყვილონი არიან. ამერიკა უკრაინას ხელიდან არ გაუშვებს, არ შეამცირებს ფსონს რუსეთის დამარცხებაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, 8 ნოემბრის არჩევნებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული.
არჩევნების მთავარი შედეგის დასახელება მანამდე შეიძლება, ვიდრე ხმების დათვლა დასრულდება. მთავარი ის არ არის, რომ რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ და თეთრი სახლი იძულებული იქნება ოპოზიციურ პარტიასთან ურთიერთობაზე გადაიტანოს მთელი ყურადღება.
აშშ-სთვის ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა: საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მმართველი პარტია ხშირად მარცხდება შუალედურ არჩევნებში. ადრეც ყველაფერი ასე მუშაობდა – იმ მომენტამდე, როდესაც 2016 წელს შტატებში სისტემური შიდაპოლიტიკური კრიზისი არ დაიწყო. ამ კრიზისის არსი ისაა, რომ დამარცხებული მხარე არ ცნობს მარცხს და გამარჯვებულს მაქინაციებში, ფალსიფიკაციაში, უცხოეთიდან ჩარევაში ადანაშაულებს. ანუ მიმდინარეობს როგორც არჩევნების, ისე ხელისუფლების დელეგიტიმიზაცია.
მაგრამ თუ 2016 წელს პირველი ნაბიჯი გადაიდგა საპრეზიდენტო ხელისუფლების დელეგიტიმიზაციის გზაზე, ახლა, 2022 წელს ახალ სიმაღლეებს შეეჭიდებიან. დამარცხებული დემოკრატები არალეგიტიმურად კონგრესს გამოაცხადებენ, ანუ ხილული ამერიკული ხელისუფლების მეორე ნაწილს. მისი მესამე ნაწილი – სასამართლო ასევე დარტყმის ქვეშაა: დემოკრატები არ ენდობიან უზენაეს სასამართლოს და სურთ მისი რეფორმირება. მაგრამ ამისათვის საჭიროა კონგრესის გაკონტროლება, კონტროლი კი დაიკარგება.
დიახ, პრეზიდენტის არალეგიტიმურობაზე რესპუბლიკელებიც საუბრობენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, მათ არ დაუწყიათ. თუ ახლა დემოკრატები მაქინაციების გზით შეძლებენ, რომ ხელი შეუშალონ რესპუბლიკელებს სენატში უმრავლესობის მიღებაში, საკანონმდებლო ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე საუბარს უკვე ტრამპის პარტია დაიწყებს. მაგრამ ეს არანაირად არ აისახება არჩევნების მთავარ შედეგზე.
დღეს, 2022 წლის 8 ნოემბერს შტატები ახალ ნაბიჯს დგამს საკუთარი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ: ისინი არათუ ვერ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, რომელშიც 2016 წელს აღმოჩნდნენ, არამედ უფრო ღრმად შეტოპეს. ამ გზით მიექანებიან ისინი თავიანთი 250-ე წლისთავისკენ, რომელიც 2026 წელს აღინიშნება - მაგრამ ვის მიერ და სად?
რადგან 2026-მდე იქნება 2024 – საპრეზიდენტო არჩევნების წელი. არჩევნებისა, რომელზეც უკვე დღეს შეიძლება დანამდვილებით ითქვას: მათი შედეგი არ იქნება აღიარებული დამარცხებული მხარის მიერ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს, მნიშვნელოვანია – რა იქნება შემდეგ.
აქამდე დელეგიტიმიზაციის პროცესი ყველა სიბრტყეზე მიმდინარეობდა, გარდა იურიდიულისა: იძაბება დაპირისპირება, ეცემა ნდობა ხელისუფლების განშტოებებისადმი, იზრდება პოლარიზაცია საზოგადოებაში. მაგრამ 2024 წლისთვის სიტუაცია პრინციპულად ახალ დონეზე გადავა: არჩევნების შედეგებს პრაქტიკულად ცალკეული შტატები არ ცნობენ.
მნიშვნელობა არა აქვს, რომელი - დემოკრატიული თუ რესპუბლიკური. მნიშვნელოვანია, რომ იწყება აშშ-ის დაშლის პროცესი. ახლა შეუძლებელია იმის განჭვრეტა, როგორ განვითარდება მოვლენები: საქმე ამბოხებული შტატების მხრიდან ფედერალური მთავრობის მუშაობის უბრალო საბოტაჟით შემოიფარგლება თუ ისინი შეეცდებიან ერთგვარი ჰორიზონტალური ქსელის შექმნას, რომელიც დროთა განმავლობაში ახალი სეპარატისტული ალიანსის, ახალი კონფედერაციის პროტოტიპი გახდება.
შეუძლებელია დაშლის პროცესის ტემპის, შედეგის განჭვრეტა: ის შეიძლება რამდენიმე წლით გაიყინოს, შეიძლება შეეცადონ მის ძალით შეჩერებას, შეიძლება სახელმწიფო საკმაოდ სწრაფადაც (ანუ რამდენიმე ათწლეულში) დაიშალოს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამჟამინდელი სახით შეერთებული შტატები აღარ იარსებებს.
ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების შემთხვევაშიც კი აშშ ძლიერ შეიცვლება, მისი გლობალური პოზიციები კი შესუსტდება. ჩინეთთან დაპირისპირებას ქვეყნის ყველა გლობალური რესურსის მობილიზება სჭირდება - და ევროპის მიმართ ყურადღების შესუსტება გარდაუვალია.
მთავარი როლი რუსეთთან დაპირისპირებისა და შეკავებისა ატლანტიკური ბლოკის აღმოსავლეთ ნაწილზე, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირზე გადავა. მაგრამ დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია რუსეთთან უკრაინის გამო გრძელვადიანი კონფლიქტის სტრატეგიული ინტერესი. ამიტომ ძლიერი და ერთიანი შტატების გარეშე დასავლეთი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს კონტროლს დასავლეთ რუსულ მიწებზე.
დიახ, ესაა სიტუაციის შეფასება ათწლეულის ბოლომდე, მაგრამ 2022 წლის 8 ნოემბერი ადასტურებს, რომ შტატები ჯიუტად მიიწევს დასახული ტრაექტორიით და განაგრძობს 2016 წელს აღებულ კურსს. და არ არსებობს ძალა, რომელიც მას დამღუპველი მარშრუტიდან გადაახვევინებდა.
ტრამპი კიდევ ერთხელ შეეცდება, მაგრამ მას კვლავაც არ მისცემენ ამის გაკეთების საშუალებას. რუსეთს კი ამერიკისგან სხვა არაფერი სჭირდება: საგარეო ფრონტზე ის გაუძლებს აშშ-თან დაპირისპირებას, საშინაოზე კი ამერიკელები ყველაფერს თავად გააკეთებენ. საკუთარ თავს დაამარცხებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე