თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით განახლებადი ენერგიის კუთხით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის სპიკერი უკვე შეხვდა იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჰიროიუკი ჰოსოდას და იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ჰიტოში კიკავადას.
„დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. იაპონური კომპანიები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ ამ მხრივ, თუმცა ძალიან დიდია ინტერესი, რომ ეს თანამშრომლობა გაიზარდოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით.
„ამავე დროს, (საქართველო) ევროპისა და აზიის დამაკავშირებელია, მათ შორის, ენერგორესურსების ტრანსპორტირების კუთხით. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ უუმი იოშიკავასთან.
იაპონიაში ასევე გაიმართება საქართველოსა და იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა.
შემდეგ პაპუაშვილი გაემგზავრება სამხრეთ კორეაში, სადაც აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ კიმ ჩინ-ფიოსთან.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის ვიზიტი 12 ნოემბერს დასრულდება.