10 წუთი თითის წვერებზე: მარტივი ვარჯიშის ხუთი მოულოდნელი ეფექტი

Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. ფეხების სიძლიერეს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე, გარდა ამისა, როგორც ბოლოდროინდელი კვლევებით დადასტურდა, თითის წვერებზე ყოველდღიური აწევა ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას უწყობს ხელს, წერს გამოცემა Weixin.
როგორც ჩინელი მედიკოსები აცხადებენ, ფეხებს „ადამიანის მეორე გულს“ უწოდებენ, ასაკობრივი ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, ქვედა კიდურებში ვლინდება, რადგან ადამიანის ორგანიზმში სისხლის 70% ფეხის კუნთებს მოჰყავს მოძრაობაში.
სხვათა შორის, თითის წვერებზე აწევით ჯანმრთელობის შენარჩუნების მეთოდს ჯერ კიდევ 800 წლის წინ იყენებდნენ ჩინეთში.
ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომელთა კვლევაც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურნალში Science, აღმოაჩინეს, რომ ქუსლის კუნთს (Soleus muscle) აქვს უნარი, დაარეგულიროს ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზის დონე ორგანიზმში, რითაც ჟანგვითი მეტაბოლიზმის პროცესს ასტიმულირებს.
კვლევაში მონაწილე იმ პირებს, რომლებიც ქუსლის კუნთს ავარჯიშებდნენ, ადგილობრივი ჟანგვითი მეტაბოლიზმის დონე იმდენად უუმჯობესდებოდათ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში დაღლილობას ვეღარ გრძნობდნენ.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ქუსლის კუნთის შეკუმშვისას ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები:
1.
მცირდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე და იზრდება ნახშირწყლებისა და ცხიმების დაჟანგვის ხარისხი;
2.
უმჯობესდება გლუკოზის ტოლერანტობა ჭამის შემდეგ, მცირდება ინსულინის გამომუშავება და ჰიპერინსულინემიის რისკი;
3.
ჩქარდება ჟანგვითი მეტაბოლიზმი ხანგრძლივი ვარჯიშის დროს;
4.
იზრდება ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარების საერთო დონე, მაგრამ არ იცვლება გლიკოგენის მოხმარება;
5.
იზრდება ნახშირწყლების ჟანგვის სიჩქარე.
ამასთანავე დადგინდა ისიც, რომ თითის წვერებზე აწევა-დაწევის დროს (ანუ ქუსლის კუნთის ვარჯიშისას) ფეხებში იწყება სისხლის ცირკულაცია და სტიმულირდება ტერფისა და კანჭის კუნთები, რაც ეფექტურად აღკვეთს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

რა გავლენას ახდენს თითის წვერებზე ყოველდღე აწევა ორგანიზმზე

ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით, ფეხის თითებში, ქუსლებში, წვივებსა და ბარძაყის შიდა ზედაპირზე ინის სამი მერიდიანი გადის. მათ შორისაა: ღვიძლის, ელენთისა და თირკმლის მერიდიანები.
თუ თითის წვერებზე ყოველდღე აიწევ-დაიწევით 10 წუთის განმავლობაში:
მოგეხსნებათ დაღლილობის შეგრძნება;
შეგიმცირდებათ წელის არეში ტკივილი და დისკომფორტი;
შეგიმცირდებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი;
გაუმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა;
მოგეხსნებათ ტკივილის შეგრძნება ქუსლებში (ტერფის ფასციიტი).

თითებზე აწევის წესები

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ იოლი ვარჯიშია, გარკვეული წესების დაცვა მაინც მოგიწევთ, რათა სწორად შეასრულოთ იგი.
ვარჯიში ფეხზე დგომით
დადექით სწორად, შეატყუპეთ ფეხები ერთმანეთს, ორივე ხელით გაიკეთეთ დოინჯი. შემდეგ ნელა აიწიეთ ფეხის თითებზე და შეისვენეთ, მერე კი იგივე ტემპით დაეშვით ქუსლებზე ისე, რომ ტერფი მთლიანად დადგათ იატაკზე. გადაიტანეთ სხეულის სიმძიმე ქუსლებზე.
ვარჯიში ჯდომით
ჩასჭიდეთ ორივე ხელი სკამის საზურგეს, ფეხები კი სწორად დადგით. შემდეგ დაეყრდენით თითის წვერებს, ასწიეთ ქუსლები და მაშინვე ჩამოუშვით. გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.
თითის წვერებზე სიარული
გაიარეთ 30-50 ნაბიჯი თითის წვერებზე, შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ რამდენჯერმე. სიარულის დროს თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.
შეასრულეთ ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები ყოველდღე დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში და ნახავთ, რომ დაღლილობის შეგრძნებაც მოგეხსნებათ და ზურგის არესა და სახსრებში ტკივილებიც.
მანამდე იუტის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თითის წვერებზე რეგულარული სიარული ხელს უწყობს წონაში აქტიურ კლებას.