7 ნოემბრის მიტინგის დარბევა - როგორ აფასებენ საქართველოში 15 წლის წინანდელ მოვლენებს

15 წლის წინ, 7 ნოემბერს შსს-ს ძალებმა თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარი აქცია დაარბიეს.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკოსებმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა შეაფასეს – ყოფილ მმართველ პარტიაში შეცდომებს აღიარებენ, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლება პირობას დებს, რომ საქართველოში მსგავსი რამ აღარასდროს გამეორდება.
2007 წლის 7 ნოემბერს შსს-მ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. ამ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. იმ ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„7 ნოემბერი არის თარიღი, რომელიც მთელ საზოგადოებას შეგვახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება და დღევანდელი ე.წ. მთავარი ოპოზიცია ქვეყანას. როგორ ექცეოდა ადამიანებს და რა ფასადური დემოკრატია ჰქონდა შექმნილი, როდესაც ხალხსაც ნაცარს აყრიდა თვალებში და დასავლეთსაც ატყუებდა, თითქოს დემოკრატიული რეფორმების სახელით ჩაგრავდა, აწამებდა და არბევდა თავის საზოგადოებას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
აქციის დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს
უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, 7 ნოემბერი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც დღე, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადოების ყველა ფენის დაშინება გადაწყვიტა.
„ეს არასდროს გამეორდება. ამის გარანტორია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და „ქართული ოცნება“, რომელმაც შეიმუშავა ყველა ის კანონპროექტი და დაცვითი მექანიზმი, რათა არასდროს ანალოგიური არ განხორციელდეს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ზარქუამ.
15 წლის წინანდელი მოვლენები პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც გაიხსენა.

„მე თავად გახლდით აქციაზე და ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ შეცდომა, ნამდვილად დანაშაული იყო, რასაც შემდგომ სამართლებრივი შეფასებაც მოჰყვა. 7 ნოემბერი გამოირჩევა როგორც აქციის მონაწილეების დილის, ასევე საღამოს დარბევის, მათ შორის, კონსტიტუციური ნორმიდან გასვლით და განსაკუთრებით იყო დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შტურმი“, – აღნიშნა მან.

ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას თქმით, 7 ნოემბერი იყო ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალის კლასიკური მაგალითი.
„მათ შორის „იმედში“ შევარდნით და დარბევით დამთავრებული. ვინც ვერ დაინახავდა ამას ქუჩაში, აუცილებლად დაინახავდა ტელეკომპანია „იმედში“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებულ შეცდომებს აღიარებს ასევე ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ანი წითლიძეც.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია
„მე მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა, იყო დანაშაული და იყო ძალის გადამეტება. ეს იყო ის, რაც არ უნდა მომხდარიყო და ამის პასუხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 2012 წელს, როდესაც მან წააგო არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდა აბსოლუტურად სხვა ძალა“, – განაცხადა წითლიძემ.
2007 წლის 7 ნოემბერს შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალათასიანი აქცია დაარბია.
საღამოს სპეცრაზმი ოპოზიციურ ტელეარხ „იმედში" შეიჭრა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. სპეცოპერაციის შედეგად „იმედში“ სატელევიზიო ტექნიკა დაზიანდა და მაუწყებლობა გაითიშა.