თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს ირიბი მტკიცებულებები იმისა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილი შეტყობინება „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთებებს შეეხებოდა, განაცხადა უწყების შეფმა სერგეი ნარიშკინმა „როსია 1-ის“ ეთერში.
მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, ფაილების ჰოსტინგის სერვისების Megaupload-ისა და Mega-ს დამფუძნებელმა კიმ დოტკომმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ, მას შემდეგ, რაც რუსულ გაზსადენებზე დივერის მოხდა, ლიზ ტრასმა ენტონი ბლინკენს გაუგზავნა შეტყობინება სიტყვებით „ყველაფერი გაკეთებულია“. კიდევ უფრო ადრე გაზეთი Daily Mail-ი წერდა, რომ ჰაკერებმა ბრიტანელი პრემიერის ტელეფონი შეაღწიეს და მთელი მიმოწერა ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
„მაქვს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ყველაფერს საფუძველი აქვს“, — განაცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე პასუხად.
მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურები ყურადღებით უნდა იყვნენ, საგარეო დაზვერვის სამსახურმა კვლავაც უნდა განაგრძოს საფრთხეების გამოვლენა და სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების გაფრთხილება.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.