საქართველოში საავიაციო სერვის–ცენტრის შექმნა იგეგმება

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ავიასერვისის მიმართულებით, რაც Frost & Sullivan–ის კვლევამ დაადასტურა, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში დირექტორმა.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საავიაციო მომსახურების ცენტრის ახალი საინვესტიციო პროექტი ლონდონში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მიხეილ ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022 წარადგინა და ისაუბრა კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვით საქართველოში ავიასერვისის ცენტრის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პოტენციალია.
„გამოფენაზე წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საინვესტიციო პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რაც Frost & Sullivan-ის კვლევამაც დაადასტურა“, – განაცხადა ხიდურელმა.
„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იმავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს