იტალიის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას მოპარულ ავტომობილს მიაგნო

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დაზიანებული არ არის და იგი მფლობელს დაუბრუნდა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ნეაპოლის პოლიციამ საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ავტომობილი Mini Countryman იპოვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
გუშინ უცნობებმა პირებმა ავტოსადგომიდან კვარაცხელიას ავტომობილი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი შემთხვევის დროს შინ იმყოფებოდა, თუმცა მძარცველები ვერ შეამჩნია.
სამართალდამცველებმა კვარაცხელიას ავტომობილი რეკორდულ დროში იპოვეს. მედიის ცნობით, კვარაცხელიას კუთვნილი Mini Countryman ტრენტოლა-დუჩენტაში, კაზერტის პროვინციაში იპოვეს. მანქანა უკვე დაუბრუნდა მფლობელს.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნეაპოლში მას უკვე „კვარადონას“ ეძახიან, ადარებენ რა ლეგენდარულ დიეგო არმანდოს, და „კვარა-სტელას“ – ვარსკვლავ-ბიჭუნას.