მსოფლიო დღეს

აგებულია ისლამის გავრცელებამდე: საამიროებში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროზე აღმოჩენილია უძველესი ქრისტიანული მონასტერი, რომელიც იქ, შესაძლოა, არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამის გავრცელებამდე არსებობდა, იუწყება სააგენტო Associated Press ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

„კუნძულ სინიაზე, ქვიშის დიუნებში არსებული მონასტერი ახალ შუქს ჰფენს ადრეული ქრისტიანობის ისტორიას სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ეს საამიროებში აღმოჩენილი მეორე ასეთი მონასტერია, რომელიც 1400 წელს ითვლის. <...> მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქრისტიანები ისლამს რეგიონში მისი გავრცელების კვალდაკვალ იღებდნენ“, — წერს სააგენტო.

გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა უკვე ჩაატარეს მონასტრის საძირკველში ნაპოვნი ნიმუშების ნახშირბადოვანი ანალიზი. დადგინდა, რომ მონასტერი, სავარაუდოდ, 534-656 წლებს შორისაა აგებული. ამასთან შედარებისთვის აღინიშნება, რომ ისლამის დამაარსებელი წინასწარმეტყველი მუჰამედი დაახლოებით 570 წელს დაიბადა და 632 წელს გარდაიცვალა.
მანამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქრისტიანული მონასტერი 1990-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს კუნძულ სირ-ბანი-იასზე. ის დაახლოებით იმავე პერიოდშია აგებული, რომელშიც სინიაზე მდებარე ტაძარი.
წყარო: Associated Press