საქართველოში კონტრაბანდული ვერცხლის შემოტანა სცადეს

გამოვლენილი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 13 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა სამართალდარღვევის ფაქტი საბაჟო-გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ აღკვეთეს. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ვერცხლის (საერთო წონა 8.500 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13 ათას ლარზე მეტი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევს სანქციის სახით სწორედ ამ ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს