COVID-19 - ბოლო ცნობები

„გაიკეთეთ კოვიდ-ვაქცინა": ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

მედიკოსები უახლოეს პერიოდში ელოდებიან კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყებას, რომელიც „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპით BQ.1.1-ით იქნება გამოწვეული.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს ურჩევს, აქტიურად ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მათ შორის, ე.წ. ბუსტერ-დოზებით.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია არ დასრულებულა, იგი მთელ მსოფლიოში გრძელდება და საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნება.

„მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და კოვიდ-პაციენტს, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით კოვიდ-პაციენტის სიცოცხლეს“, – დაწერა ცერცვაძემ სოციალურ ქსელში.

ცერცვაძის თქმით, ბოლო კვირებში ევროპის ქვეყნებში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მედიკოსები უახლოეს პერიოდში ელოდებიან კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყებას, რომელიც „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპით BQ.1.1-ით იქნება გამოწვეული.
ცერცვაძემ საქართველოს COVID-სტატისტიკის ბოლო მონაცემები მოიყვანა. ოქტომბერში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეიმჩნეოდა – დღეში საშუალოდ 200-დან 500-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ცერცვაძის თქმით, ქვეყანა უკვე მეშვიდე თვეა სტაბილურად ინარჩუნებს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს. მაგალითად, გასულ კვირაში სამი გარდაცვალება დაფიქსირდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი - 13.
„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მოსახლეობის კოვიდ-უსაფრთხოებას ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ უზრუნველყოფს. ყველა პაციენტი იღებს დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას და მითითების შემთხვევაში პროაქტიულად მკურნალობს უახლესი მეთოდებითა და მედიკამენტებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, სწორედ დროული და ეფექტური მკურნალობის წყალობით საქართველოში შვიდი თვის მანძილზე ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები (7 თვეში 50 სიკვდილი - რედ.) გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

„შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელმაც, პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

როგორც ინფექციონისტმა განაცხადა, ბოლო თვეებში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები დაგვიანებულ ტესტირებას და მკურნალობას უკავშირდება. ცერცვაძის განმარტებით, არცერთი პაციენტი, რომელმაც ვირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართა და დაემორჩილა საჭირო რეკომენდაციებს, არ გარდაცვლილა.