თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ვარკეთილში მრავალსართულიანი სახლის დემონტაჟით დაიწყო, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.
ავარიული კორპუსი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარეობს. იქიდან დროებით საცხოვრებელში 36 ოჯახი გადაიყვანეს. დემონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნენ.
კალაძის განცხადებით, სახლის დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ახალი კორპუსის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. ორი წლის შემდეგ მცხოვრებლები გარემონტებულ ბინებს მიიღებენ, მანამდე კი დაქირავებულ ბინებში იცხოვრებენ, რომლის ქირასაც თბილისის მერია გადაიხდის.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ავარიული შენობა-ნაგებობების შეცვლის პროგრამა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება იყო.
„სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი შენობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ეს არის პირველი საპილოტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამგორის რაიონში არსებული ნაგებობის დემონტაჟი ხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მერიაში პარალელურად 20-ზე მეტი პროექტი განიხილება, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა.