ოლიგარქი ოლიგარქია - „ქართული ოცნების" თავმჯდომარე კანონპროექტზე

ხელისუფლება და ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საჭირო გახდა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მცირე ადაპტაცია, თუმცა „ოლიგარქის“ კონცეფცია იგივე რჩება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია და ის, ამასთან, მოწონებულია ევროკომისიის მიერ.

„უკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს და შეესაბამება ობიექტურ კრიტერიუმებს, არ არის არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე მორგებული. ამიტომ გონივრულია ამ კანონის გადმოტანა მცირე ადაპტაციით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი, დეფინიცია ვერ იქნება განსხვავებული“.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მოლდოვაც გეგმავს უკრაინული კანონის მცირედი ადაპტაციით გადატანას.
„ოპოზიციის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათ დაინახეს – სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ბიუროს წარედგინება>>>
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს– ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
კანონპროექტის თავისებურებანი
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: პირველი – მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე – მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მესამე – არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში.
და, მეოთხე – თუ მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - „ოცნება" ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს>>>
ცვლილებების მიხედვით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად აღიარებულ პირს, რომლის შესახებ მონაცემები შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები შეეზღუდება.
კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს შეეზღუდება:
პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.