ვაკის პარკი უსაფრთხოა: თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობა დაამშვიდა

კალაძის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც თბილისში ხორციელდება, უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამება – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.

„ყველა სამშენებლო სამუშაოების დროს გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონებში, ყველაფერი კეთდება სამშენებლო წესების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ზუსტ მიზეზს, კალაძის თქმით, ამას გამოძიება დაადგენს.
დაკავებულთა შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თანამდებობა დატოვა სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა არ გამორიცხა, რომ ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ვიცე-მერი: თბილისის მერიის თანამშრომელი დარღვევებს ვერ გამოავლენდა>>>
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა, რომლებიც შადრევანში წყლის მილების დიზაინს ცვლიდნენ, წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ინსპექტორებმა ისე წარუდგინეს მერიას დადებითი დასკვნა, რომ სინამდვილეში არ შეუსწავლიათ შადრევნების გასაახლებლად ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. ანუ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი ყალბი საექსპერტო დასკვნა გახდა.