თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი, ATP-ს რეიტინგის 106-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Rolex Paris Masters-ის მეორე წრეში იტალიელ ლორენცო მუსეტისთან დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.
ბასილაშვილმა მოწინააღმდეგესთან ორივე სეტი წააგო – 4:6, 2:6. პირველ სეტში გადამწყვეტი მეცხრე პარტია აღმოჩნდა, სადაც ბასილაშვილის მოწინააღმდეგემ მატჩში პირველი ბრეიკის გაკეთება შეძლო, შემდეგ კი საკუთარი ჩაწოდებით პარტია მოიგო.
მეორე პარტია შედარებით უფრო ნაკლებად დაძაბული აღმოჩნდა – იტალიელმა ჩოგბურთელმა თავიდანვე მოახერხა ბრეიკის აღება და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
შემდეგ რაუნდში ლორენცო მუსეტი ნორვეგიელ კასპერ რუუდს შეხვდება.
პირველ წრეში ბასილაშვილმა ფრანგ კვენტინ ჰალისს ორ სეტში მოუგო 6:3, 6:4 და წაგებების სერია შეწყვიტა.
Masters-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის დასკვნითი სეზონი პარიზში 31 ოქტომბერს დაიწყო და 6 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირმა ATP-ს ყველა მთავარი ვარსკვლავი შეკრიბა.