მსოფლიო დღეს

ჯანმო: მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად რჩება

Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის დასკვნით, მაიმუნის ყვავილის ეპიდემია კვლავაც რჩება საგანგებო მდგომარეობად.

„კომიტეტი შეთანხმდა, რომ [მაიმუნის ყვავილის აფეთქება] კვლავაც შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში იმ სამედიცინო-სანიტარიული წესების საგანგებო კრიტერიუმებს, რომლებსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“, — ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში, რომლის სხდომაც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა.

როგორც ჯანმო აზუსტებს, მაიმუნის ყვავილი წარმოადგენს საერთაშორისო დონის რისკს და მოითხოვს ქვეყნების კოორდინირებულ მოქმედებას მისი ზემოქმედების შესამცირებლად.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოს 109 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 77,2 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფექციით გარდაიცვალა 36 ადამიანი. ივლისში ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.