თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს.
OSCE/ODIHR-ის მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრებს და „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებს.
მისიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მათი შეხვედრის მთავარი თემა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ასახული მიგნებები, რეკომენდაციები და მათი შესრულება იყო.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, OSCE/ODIHR-ის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების საკითხში, განსაკუთრებით კი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის კუთხით.
„საზოგადოდ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც ეუთო/ოდირია. ეს მართლაც დიდი ხნის და ძალიან მჭიდრო პარტნიორია საქართველოსთვის. არაერთი რეფორმის ფარგლებში გვქონდა ჩვენ თანამშრომლობის შესაძლებლობა და ბევრი წარმატება სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად არის მოტანილი ქვეყანაში. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ ამ ურთიერთობას, თანამშრომლობას და ჩვენთვის ეს განსაკუთრებულად ღირებულია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, სახალხო დამცველის, სასამართლოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.