თბილისი, 31 ოქტომბერი − Sputnik. შამპუნი ჰიგიენური პროდუქტია, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრს მიაჩნია, რომ რადგან შამპუნი ორგანიზმში არ ხვდება (როგორც საკვები), ის დიდ ზიანს ვერ მიაყენებს ადამიანს, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, ეს მცდარი წარმოდგენაა.
როგორც იაპონელი ექსპერტები აცხადებენ, არასათანადო ხარისხის შამპუნს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს თავის კანი და თმის ცვენა თუ გამელოტება გამოიწვიოს. მათ შამპუნებში შემავალი სამი ნივთიერება დაასახელეს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც უარი უნდა თქვათ ამგვარი პროდუქტის შეძენაზე.
ამასთან სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთსა და იმავე შამპუნით დიდხანს სარგებლობა არ შეიძლება − ჯობს შეიძინოთ ორი-სამი სახეობის შამპუნი და მორიგეობით გამოიყენოთ ისინი.
სახიფათო კომპონენტები
პარაბენები − შამპუნი, რომელშიც პარაჰიდროქსიბენზოის მჟავას ეთერები შედის, ვარგისიანობის დიდი ვადით გამოირჩევა. ეს ნივთიერება კოსმეტიკური პროდუქტების შენახვის ვადას 18-24 თვემდე ზრდის.
მაგრამ ასეთი შამპუნი თავის კანის ჭარბ სტიმულაციას ახდენს, რის გამოც, მისი ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, წვის შეგრძნება ჩნდება. გარდა ამისა, პარაბენები ზრდის თმის ცხიმიანობას.
ნატრიუმის ლაურილსულფატი − შამპუნებს, რომლებიც ამ კომპონენტს შეიცავს, ძლიერი გამწმენდი თვისება აქვს და ეფექტურად ებრძვის მომატებული ცხიმიანობის პრობლემას.
მაგრამ ნატრიუმის ლაურილსულფატი გარკვეულ გავლენას ახდენს თმის ძირებზე. ძლიერმა გამოსუფთავებამ შეიძლება გააუარესოს კანის მდგომარეობა და გრძელვადიან პერსპექტივაში თმის ფოლიკულების დაზიანება, შედეგად კი თმის ცვენა გამოიწვიოს.
ნატრიუმის ქლორიდი − ბევრს გაუკვირდება და იკითხავს, რა უნდა ნატრიუმის ქლორიდს, ანუ ჩვეულებრივ სუფრის მარილს შამპუნშიო. მაგრამ ზოგი შამპუნი ნამდვილად შეიცავს მცირე რაოდენობით მარილს.
საქმე ისაა, რომ ნატრიუმის ქლორიდი თავის კანზე არსებულ ზოგ ბაქტერიას კლავს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თავის კანი საკმაოდ ფაქიზია და თუ ნატრიუმის ქლორიდს თმის დასაბანად დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ, ამან შეიძლება კანის დამცველი ცხიმის ჭარბი გამორეცხვა გამოიწვიოს. შედეგად, ბალანსის აღსადგენად ჯირკვლები მეტი ცხიმის გამომუშავებას დაიწყებს, რაც თმას უფრო ცხიმიანს გახდის.
გარდა ამისა, მარილიანი შამპუნების ხანგრძლივი ზემოქმედება თავის კანზე აჩენს წყლულებს და იწვევს თმის ცვენას. სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს თმის ფოლიკულებიც.
დაბოლოს, იაპონელი ექსპერტები გირჩევენ, შამპუნის შეძენისას ყურადღება გაამახვილოთ არა მარტო ბრენდზე, არამედ პროდუქტის შემადგენლობაზეც. როგორც ირკვევა, ცნობილი ბრენდები ასევე შეიძლება იყენებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ სახიფათო კომპონენტებს.